ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ქართული ოცნება ყოველთვის შეურიგებელი იქნება და დაგმობს ნებისმიერ აქტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან თავსებადი არ არის.
ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე გადაწყვეტილებას.
"ქართული ოცნების პოზიცია იმთავითვე ცნობილია, მკაფიოდ გაცხადებულია და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურიგებელი ვიქნებით და რასაკვირველია, ვგმობთ ნებისმიერ აქტს, რომელიც არ არის თავსებადი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, იქნება ეს ფაქტობრივი ანექსია, იქნება ეს ოკუპაცია, იქნება ეს ნებისმიერი აქტი, რომელიც დეიურე თუ დე ფაქტო ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება რუსეთის მხრიდან, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიასთან მიმართებაში, არის, რა თქმა უნდა, დე იურე და დე ფაქტო კანონგარეშე აქტი", - ამბობს სარჯველაძე.
მისი თქმით, "კატეგორიულად მიუღებელია დამოკიდებულება", რომ ქართული ოცნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის დუმს.
"ეს [დამოკიდებულება] პირველივე დღიდან, რაც ხელისუფლებაშია ქართული ოცნება, თქვენთვის იმთავითვე გადასარევად ცნობილია. ამიტომ, ნუ ეძებთ ამის მიღმა კონსპირაციებს", - ასე მიმართა მან ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ დუმს ოცნება ყოველთვის, როცა რუსეთი ახალ პროვოკაციებს აწყობს.
***
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების "რატიფიცირება" ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.
26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.
თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა.
როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.
2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული "ობიექტი" მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.
ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.